
ვარსკვლავის სტატუსი მილიონიან ჰონორარსა და უამრავ თაყვანისმცემელთან ერთად გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნასაც ნიშნავს, ამიტომაც მათ შეცდომის უფლება არ აქვთ. ვარსკვლავებისგან ელიან, რომ ისინი ყოველთვის იდეალურნი უნდა იყვნენ საქციელით, საუბრით თუ ჩაცმის სტილით. თუმცა ბევრ მათგანს ამ ამოცანისთვის თავის გართმევა უჭირს და მათი გემოვნება ხშირად ეჭვქვეშ დგება. მაგალითად მარტო ცნობილი მოდის კრიტიკოსის, რიჩარდ ბლექუელის ყოველწლიური სიაც საკმარისია, რომელშიც წლის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები ხვდებოდნენ. რამოდენიმე მათგანი განსაკუთრებით მკაცრი კრიტიკის ობიექტიც კი ხდებოდა, მაგალითად ბარბრა სტრეიზანდმა რიჩარდისგან ერთხელ ასეთი უცნაური შეფასება მიიღო: "ის ფრანკენშტეინის მამრობითი პატარძალივით გამოიყურება". უგემოვნო ვარსკვლავთა მცირე სია ასე გამოიყურება:
ემი უაინჰაუსი
"ამ საშინელ კოპლებიან სამოსში ფაცხის ოფიციანტს უფრო ჰგავს", - არ ინდობს ემის ბლეკუელი. მინიქვედატანები, მაისურები, საიდანაც ბიუსტჰალტერი ჩანს, ფერადი კაბები, კორსეტები, მიკროსკოპიული შორტები - ეს ემის საყვარელი ნივთებია, რომლებიც ნამდვილი დანაშაულია მოდის წინააღმდეგ. ამას დაუმატეთ უამრავი ტატუირება, აწეწილი თმა, გადღაბნილი თვალები და სილიკონის იმპლანტანტები, რომლებიც აშკარად არ აჩენს უფრო სექსუალურს. მოკლედ, მისი ჩაცმის სტილი სრულიად აცამტვერებს მოსაზრებას, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია.
ლინდსი ლოჰანი
მის შესახებაც თითქმის ყველაფერია ცნობილი. ბავშვობიდან მოღვაწეობს კინოში და ადრე იგრძნო ვარსკვლავობის გემო. ასევე ადრიანად – მოზარდობის წლებიდან შემოვიდა მის ცხოვრებაში სკანდალები ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან, ლესბოსელ საყვარელთან თუ ციხეებთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინაც ციხეში ჩასვეს, თუმცა მერე პირობით გაათავისუფლეს.
ლინდსიც გიჟდება შორტებზე, ასევე ბოტფორტებსა და მაღალ ჩექმებზე, რომლებიც თითქმის ყოველთვის ჩაჩაჩული აქვს. ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო სამოსი აცვია, ფერებით თუ წარმომავლობით და ხშირად ხვდება ყველაზე უგემოვნოთა რეიტინგებში.
ბრიტნი სპირსი
ყველაფერი ასე დაიწყო: ცეკვები შიშველი მუცლით და გულუბრყვილო სიმღერები სიყვარულზე. ამერიკის საყვარელ გოგონას დიდ წარმატებას უქადდნენ, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, კლასიკური ისტორიით - ალკოჰოლი, ნარკოტიკები, საეჭვო რომანები, რამდენიმე ორსულობა, თავის გადაპარსვა, ჩხუბი ფოტოგრაფებთან, მშობლის უფლების დაკარგვა... სამწუხაროდ, რა ხანია, ბრიტნი აღფრთოვანებას არ იწვევს. ალბათ, უფრო თანაგრძნობას.
რა აღარ უწოდებიათ ბრიტნისთვის მოდის კრიტიკოსებს. იგივე ბლეკუელი მის სამოსს "მადონას გამონაცვალს" უწოდებდა, თვით მომღერალს კი - "მოხუც ლოლიტას" და "მოდის მთავარ საფრთხობელას". ბრიტნის საყვარელი ნივთებია ჯინსის შორტები და ტოპები, რომლებიც მისი არც ისე იდეალური ფიგურის ყველა ნაკლოვანებას უსვამენ ხაზს. წითელ ხალიჩებზეც კარგა ხანია, არ ბრწყინავს: უგემოვნო, ნახევრად გამჭვირვალე კაბები, მოკლე ქვედატანები, ბადე-წინდები... ძნელია გაიხსენო მისი თუნდაც ერთი ნორმალური კოსტიუმი. ხშირად ამბობენ, რომ ქალი გამოცანა უნდა იყოს. ბრიტნის ერთადერთი გამოცანა ის არის, აქამდე რატომ ვერ მოახერხა კარგი სტილისტის დაქირავება?
კორტნი ლავი
სინამდვილეში კორტნი მსახიობი და მომღერალია, მაგრამ ბევრი მას მხოლოდ ჯგუფ "ნირვანას" ლიდერის კურტ კობეინის ქვრივად იცნობს. ჩვენი გმირის ბავშვობა არ ყოფილა დიდად მოწესრიგებული - დედამისი, ფსიქოთერაპევტი, ჰიპების მოძრაობის მიმდევარი იყო და კორტნი კომუნაში იზრდებოდა. გაიზარდა და მის ცხოვრებაში კურტ კობეინთან ერთად და მას მერეც შემოვიდა ალკოჰოლი და ნარკოტიკები, სასამართლოები და სარეაბილიტაციო კლინიკები, წარუმატებელი რომანები და პლასტიკური ოპერაციები. თითქოს ახლა თავისი ცხოვრების დალაგებას ცდილობს, თუმცა მისი გარეგნობა და ჩაცმის მანერა კვლავაც ახსენებს საზოგადოებას წარსულის შეცდომებს.
კორტნის არასდროს გაუხარებია თაყვანისმცემლები ელეგანტური სამოსით. დახეული ჯინსები და თვალწასული წინდები, გაწელილი მაისურები, მოკლე კაბები, რომლებიც უფრო მეტს აჩენენ, ვიდრე საჭიროა, მოკლე ბლუზები - აი, ეს არის მისი გარდერობი. არადა, ერთ დროს მისი სტილი სამაგალითოდ მიაჩნდათ. ახლა კი მისი დიზაინერული ექსპერიმენტებიც კრახით მთავრდება. ბოლო დროს ცდილობს, მეტად აუწყოს ფეხი მოდას, იქნებ ჯერ კიდევ აქვს შანსი?
მოდის კრიტიკოსის უგემოვნოთა სიაში ასევე მოხვედრილან: მერილ სტრიპი, შერონ სტოუნი, კრისტინა აგილერა, მადონა, პატი დევისი, კამილა პარკერ–ბოულსი და რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, ახალდაქორწინებული უელსის პრინცესა დაიანაც.
No comments:
Post a Comment