Thursday, August 26, 2010

კრისტინ სტიუარტი: "ვამპირის სიყვარული რთული არ არის"


ფილმმა the twilight saga ბოლო წლებში ჰოლივუდში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამ ფილმის შემქმნელები ვერც იოცნებებდნენ იმ წარმატებაზე, რასაც ფილმმა მიაღწია კინო–გაქირავებაში.

მსახიობები, რომლებმაც ამ ფილმში მონაწილეობა მიიღეს, თინეიჯერებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ. ერთ–ერთი მათგანი კრისტინ სტიუარტია, რომელიც ფილმში ვამპირზე შეყვარებულ ქალს თამაშობს.

ფილმამდე ეს მსახიობი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და ბევრისთვის საერთოდ არ იყო ცნობილი. კრისტინი ძალიან ლამაზია და, ბუნებრივია, ეს მის კარიერაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა იმის თქმა, რომ კრისტინის წარმატება მხოლოდ სილამაზის დამსახურებაა, არ შეიძლება. კრისტინს უკვე უამრავი ფანი ჰყავს მთელს მსოფლიოში და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება. კრისტინი კიდევ არაერთ პროექტში აპირებს მონაწილეობის მიღებას და ამბობს, რომ მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს.

კრისტინს არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი და ამ თემას ყოველთვის გაურბის ხოლმე. მსახიობი ამბობს, რომ მას ძალიან უნდა იყოს მრავალფეროვანი და ყველა ჟანრის ფილმში მიიღოს მონაწილეობა. კრისტინს ყველაფერი წინ აქვს. მაყურებელს იმედი აქვს, რომ კიდევ არაერთხელ იხილავს მას ეკრანზე.

გთავაზობთ ინტერვიუს კრისტინ სტიუარტთან.

– საგამ ვამპირებზე დიდი პოპულარობა მოგიტანათ. როგორ მოხვდით ამ პროექტში?

– უბრალოდ, ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, თუ მსურდა ამ ფილმში მონაწილეობის მიღება. როდესაც სცენარი წავიკითხე, დამაინტერესა და დავთანხმდი. ძალიან გამიმართლა, რადგან მსახიობები, რომლებთან ერთადაც მომიწია მუშაობა, თავისი საქმის პროფესიონალები არიან და მათთან ერთად მუშაობა მართლაც დიდი სიამოვნება იყო. მე მათი სახით ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე, რომლებთანაც კიდევ დიდი ხანი მექნება ურთიერთობა.

– როგორ ეგუებით იმ ფაქტს, რომ ყველამ იცის თქვენი სახელი, ანუ რამდენად მოგწონთ პოპულარობა?

– პოპულარობა ჯერჯერობით ძალიან მომწონს, ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, რომ ხალხი გცნობს და უნდათ, შენგან ავტოგრაფი აიღონ. ჩემი აზრით, ამან დადებით განწყობაზე უნდა დაგაყენოს. ჩემთვის პოპულარობა ახალია, ამიტომ ვცდილობ, მისგან მაქსიმუმი მივიღო. შეიძლება ცოტა ხანი გავიდეს და ისეთი პოპულარული აღარ ვიყო, როგორიც ახლა ვარ. ამიტომ სანამ შესაძლებლობა მაქვს, სიამოვნება უნდა მივიღო იმისგან, რაც მაქვს.

– რამდენად გაგიჭირდათ იმ ქალის განსახიერება, რომელსაც ვამპირი უყვარს?

– მე მსახიობი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის პერსონაჟი უნდა განვასახიერო. ამიტომ ეს როლი ჩემთვის რთული არ ყოფილა, პირიქით, ძალიან საინტერესო იყო. მაყურებლისთვის საინტერესო იქნება იმ ემოციების დანახვა, რომელთაც ჩემი პერსონაჟი გამოხატავს ამ ფილმში. ეს პროცესი ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო, რადგან არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი ამ პერსონაჟის თამაშს. არ მინდა თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ, მგონი, ცუდად არ გამომივიდა.

– ალბათ თქვენი პირადი ცხოვრება ბევრს აინტერესებს.

– ბუნებრივია, როდესაც პოპულარული ხარ, შენი პირადი ცხოვრება ყველას აინტერესებს. ეს არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ უნდა შეგეძლოს, ყველაფერში პოზიტიური დაინახო. ერთი მხრივ სასიამოვნოა, როდესაც ხალხი შენით დაინტერესებულია. თუმცა შეიძლება გაღიზიანდე, როდესაც შენი პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ დეტალებს ამზეურებენ. ჩემი აზრით, არავის სიამოვნებს პირად ცხოვრებაზე ხმამაღალი საუბარი და მე გამონაკლისი არ ვარ.

– რა აზრის ხართ გადასაღებ მოედანზე დაწყებულ რომანებზე?

– გადასაღებ მოედანზე რომანები საკმაოდ ხშირად იწყება, რადგან მსახიობები თითქმის ყოველდღე ერთმანეთს ხედავენ, რაც ხშირად სიმპათიას იწვევს. თუმცა ყოველთვის ასე არ არის. ხანდახან მსახიობები უბრალოდ ვერ იტანენ ერთმანეთს. თუმცა ასეთი შემთხვევები შედარებით იშვიათია. ჩემს შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით გადასაღებ მოედანზე რომანი არ მქონია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ასე არ მოხდება.

– რამ შეიძლება ბედნიერება მოგანიჭოთ?

– ბედნიერება შეიძლება ბევრმა რამემ მომანიჭოს, მაგალითად იმან, რომ ვინმემ თბილად გამიღიმოს, ან ტელევიზორში რამე კარგ ფილმს ვუყურო. ზოგადად ბედნიერება უფრო წამიერი სიამოვნებაა. არა მგონია, არსებობდეს ადამიანი, რომელიც ყოველთვის ბედნიერია. ასეთი რამ არ არსებობს. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო მომენტები. მეც მაქვს ზოგჯერ უსიამოვნო მომენტები.

– თქვენს თავს როგორ დაახასიათებდით?

– ვარ საკმაოდ კომუნიკაბელური და აქტიური ადამიანი, რომელსაც ხანდახან უყვარს მარტო დარჩენა. მარტოობა იმისთვის მჭირდება, რომ ჩემს თავში და გრძნობებში უკეთესად გავერკვე. თუმცა დიდხანს მარტო ყოფნაც არ შემიძლია, რადგან ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის აუცილებელია. მსახიობობა ამ მხრივ ძალიან კარგია, რადგან შეგიძლია ყოველთვის შეხვდე ახალ ადამიანებს. ეს მსახიობობის ერთ–ერთი ყველაზე დადებითი მხარეა.

– რამ შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ?

– ზოგადად ჩემი გაბრაზება არც ისე იოლია, რადგან წყობიდან იშვიათად გამოვდივარ, მაგრამ არის რაღაცეები, რამაც შეიძლება გამომიყვანოს წყობიდან. მაგალითად, როდესაც ვინმე პატივს არ მცემს, ან უსამართლოდ მექცევა, ძალიან მწყინს და მაბრაზებს. მაგრამ ასე იშვიათად ხდება ხოლმე.

No comments:

Post a Comment